ისტორია

2012 წლის სექტემბერში საქართველოში პირველად ჩატარდა “სამეცნიერო პიკნიკი”. ღონისძიების ინიციატორი და მთავარი ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამეცნიერო პიკნიკის წარმატებით ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს თბილისის მერიამ, პოლონეთის საელჩომ საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ. ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი პოლონური წარმატებული მოდელის მიხედვით გაკეთდა, რომელიც ვარშავაში წელს უკვე მეოცედ იმართება კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და პოლონეთის რადიოს ორგანიზებით.

ვაკის პარკში განლაგებულ 43 კარავში მეცნიერთა ჯგუფებმა წარმოადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები და შოუები ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, ქიმიის, არქეოლოგიის, არქიტექტურის და სხვა სფეროებიდან. განსაკუთრებით საინტერესო ექსპერიმენტები სცენაზე დაიდგა. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ წარმოდგენილ ექსპერიმენტებში და გასცნობოდნენ სამეცნიერო მიღწევებს. პიკნიკზე გაიმართა წამახალისებელი გათამაშებები ბავშვებისათვის და გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები. ილიაუნის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად, სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის საჯარო და კერძო სკოლების, ლეონარდო და ვინჩის პროექტის ახალგაზრდა გამომგონებლები, ეკოკლუბი, ეკოვიჟენი, თბილისის ზოოპარკი, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები და ა.შ. მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრისა და ტარტუს სამეცნიერო ცენტრის ჯგუფების მიერ მომზადებულმა სანახაობებმა. პირველ სამეცნიერო პიკნიკზე 7000-მდე ვიზიტორი დაფიქსირდა.

2013 წელს 50 სამეცნიერო გუნდი წინასწარი კონკურსის საფუძველზე შეირჩა, რომლებმაც საზოგადოებას საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტები და გამოფენები წარუდგინა. 2013 წლიდან ღონისძიება გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EuSEA) წევრი. ასოციაცია აერთიანებს 90-მდე წევრ ორგანიზაციას და მიზნად ისახავს შემოქმედებითი პლატფორმის შექმნას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციისათვის. 2013 წელს ღონისძიებას EUSEA ასოციაციის პრეზიდენტი და რამდენიმე ევროპული სამეცნიერო მუზეუმისა და ფესტივალის ჯგუფი ესტუმრა, მათ შორის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, პოლონეთის ორგანული ქიმიის ინსტიტუტის, ბელგრადის სამეცნიერო ფესტივალი და სომხეთის სამეცნიერო ფესტივალი. 2013 წელს მეორე სამეცნიერო პიკნიკის მნიშვნელოვანი სიახლე იყო რობოტების თამაში, რომელიც ასევე ყოველწლიურად იმართება ილიას უნივერსიტეტის ორგანიზებით.

2014 წლის სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი ქართული და უცხოური ჯგუფი. მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვიც (15 000 მდე ვიზიტორი). სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულიიყო მსოფლიოში მსგავსი ღონისძიებების საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი, რომელმაც ღონისძიების თითოეულ აქტივობას გაუწია მოდერაცია და უზრუნველყო დამსწრეთა ჩართულობა სახალისო სამეცნიერო აქტივობებში.

2015 წელს, წინა წლების მსგავსად კვლავინდებურად დაფიქსირდა როგორც მონაწილეთა, აგრეთვე დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდის ტენდენცია (ვიზიტორთა რაოდენობამ 20 000 გადააჭარბა). ამ წელს, საქართველოში პირველად გაიმართა ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა. ღონისძიება საინტერესო იყო როგორც რიგითი დამთვალიერებლებისთვის, ასევე გამოგონებების პოტენციური ბიზნეს პარტნიორებისთვის.

2016 წლის სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით, თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, 24 სექტემბერს , ვაკის პარკში ჩატარდა. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ სამეცნიერო ჯგუფები ისრაელიდან, ლიტვადან და პოლონეთიდან. ამ წელს ვიზიროტთა რიცხვის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა.

2017 წელს სამეცნიერო პიკნიკი თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, 30 სექტემბერს , ვაკის პარკში ჩატარდა.  ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო პიკნიკისთვის სპეციალურად დადგმული სპექტაკლი „ყვავილების ალქიმია“. სცენა დაეთმო „ექსპერიმენტორიუმს“, რომელიც სახალისო და სანახაობრივ შოუპროგრამას წარსდგა. განსაკუთრებთ საინტერესო იყო თბილისის ზოოპარკის კუთხე. აღსანიშნია,რომ მოეწყობა სამეცნიერო კაფე, სადაც ილიაუნის მეცნიერებმა წაიკითხეს  ლექციები საინტერესო თემებზე. ასევე გამოიყო სპეციალური სივრცე Startup Market-ისთვისაც.

 2018-დან ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი განსხვავებული ფორმატითა და აქტივობებით დაიგეგმა.კერძოდ, სამეცნიერო პიკნიკით გვსურს შევუერთდეთ გაერთიანებული ერების 2015 წლის 25 სექტემბერს შემუშავებულ პროექტს „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. პროექტი მოიცავს მდგრადი განვითარების 17 მიზანს.

 

გელით ყველას!!!